მანქანა-დანადგარები |
2021 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის „მანქანა-დანადგარების შესახებ (მდშ) ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც: თითოეულ პროდუქტს უნდა გააჩნდეს პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაცია, ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მწარმოებლის ან შესაბამის შემთხვევში მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სავაჭრო სახელსა და სრულ მისამართს;
ბ) ტექნიკური დოკუმენტაციის შეკრებაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და მისამართს. აღნიშნული პირი დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) მანქანა-დანადგარის აღწერას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, ზოგად დასახელებას, ფუნქციებს, მოდელს, ტიპს, სერიულ ნომერს და სავაჭრო სახელს;
დ) წინადადებას, რომელითაც მკაფიოდ ადასტურებს მანქანა-დანადგარის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის ყველა სათანადო მოთხოვნასთან და სხვა ტექნიკური რეგლამენტებთან ან/და სხვა შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელთაც მანქანა-დანადგარი შეესაბამება. ნორმატიულ აქტებზე მითითებები უნდა გაკეთდეს;
ე) შესაბამის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც განახორციელა „მდშ" ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ტიპის გამოცდა და პროდუქტის ტიპის გამოცდის ნომერს;
ვ) შესაბამის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს დასახელებას, მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც აღიარა „მდშ" ტექნიკური რეგლამენტის IX დანართით გათვალისწინებული სრული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა;
ზ) შესაბამის შემთხვევაში „მდშ" ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სტანდარტებზე მითითებას;
თ) შესაბამის შემთხვევაში სხვა გამოყენებულ ტექნიკურ სტანდარტებსა და ტექნიკურ სპეციფიკაციებზე მითითებას;
ი) დეკლარაციის შედგენის ადგილსა და თარიღს;
კ) მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელით დეკლარაციის შედგენაზე უფლებამოსილი პირის ვინაობასა და ხელმოწერას.